გიორგი გოგოლაშვილი - რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა უნივერსიტეტის წინააღმდეგ შტურმი, დავით ზურაბიშვილმა დაწერა, რომ უნივერსიტეტის დანგრევა დაგეგმილი და გადაწყვეტილი იყო ჯერ კიდევ 2002 წელს
გიორგი გოგოლაშვილი - რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა უნივერსიტეტის წინააღმდეგ შტურმი, დავით ზურაბიშვილმა დაწერა, რომ უნივერსიტეტის დანგრევა დაგეგმილი და გადაწყვეტილი იყო ჯერ კიდევ 2002 წელს

დავით ზურაბიშვილი რევოლუციის პერიოდში „ნაცმოძრაობასთან“ იყო, შემდეგ გაერიდა და დაწერა, რომ უნივერსიტეტის დანგრევა გადაწყვეტილი იყო ჯერ კიდევ 2002 წელს, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის პედაგოგმა, გიორგი გოგოლაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

გოგოლაშვილის თქმით, უნივერსიტეტის წინააღმდეგ შტურმი რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა.

„დავით ზურაბიშვილი რევოლუციის პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო, შემდეგ გაერიდა მათ და დაწერა, რა ხდებოდა რევოლუციამდე. უნივერსიტეტის ამ დღეში ჩაგდება, უნივერსიტეტის დანგრევა დაგეგმილი და გადაწყვეტილი იყო ჯერ კიდევ 2002 წელსო, წერს ზურაბიშვილი. კანონი უკვე მომზადებული იყო. ის კანონი, რომელიც შემდეგ მიიღეს. ექვსი ფაკულტეტი რომ უნდა დარჩენილიყო 22 ფაკულტეტიდან, 2002 წელს ესეც გადაწყვეტილი იყოო. ზურაბიშვილი წერდა ამას, იმ დროს „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი იყო. შექმნეს რაღაც ანტიკორუფციული სამსახური. გიგი თევზაძე და გივი თარგამაძე იყვნენ დასპეციალებული უნივერსიტეტის თემაზე 2002 წელს. ბრიფინგი ბრიფინგზე ტარდებოდა და იბეჭდებოდა გაზეთში წერილები სათაურებით: „შავი საქმეები თეთრ ტაძარში“, „უნივერსიტეტი კორუფციის ჭაობში იძირება“ და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.

ამასთან, კომისიის სხდომაზე გიორგი გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მიზნით ხდებოდა ჭორების გავრცელება, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის კორუმპირებული.

„2002 წლის აგვისტოში „რუსთავი 2“-დან დამიკავშირდა „კურიერის“ წამყვანი ეკა ხოფერია და მთხოვა მონაწილეობის მიღება დებატებში. პარმენ მარგველაშვილს და მე უნივერსიტეტის პოზიცია უნდა დაგვეცვა. ჩვენს პირისპირ დასხდნენ გიგი თევზაძე და დავით უსუფაშვილი, რომელიც იმჟამად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ იყო. მთელი საღამო გვიმტკიცებდნენ იმას, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არის კორუმპირებული და უარყოფითი ყველანაირი კუთხით. მაშინ მქონდა შეკითხვა, რომელიც იქ უპასუხოდ რჩება, რომ ამხელა სივრცეში, 200-მდე უნივერსიტეტი იყო, 20-ზე მეტი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რატომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი? ამ კითხვას პასუხი არ აქვს. იყო ასეთი კითხვები იმავე გადაცემაში, რომ ვიღაც გვარის პირი თუ არის კორუმპირებული, დავიჭიროთ, დავსაჯოთ. არ დგას საკითხი, მთავარია, დისკრედიტაცია მოეხდინათ უნივერსიტეტის, სახელი გაეტეხათ. რექტორის, პროფესორ-მასწავლებლების, თვითონ დაწესებულების შესახებ იწყება ჭორების გავრცელება. შემდეგ გაირკვა, ეს იყო მათი მეთოდი, რომ სახელს თუ გაუტეხ, შეარცხვენ, იოლია გამარჯვება. ტერმინიც კი შემოიღეს და მინისტრებიც ხმარობდნენ – „დაჩმორება““, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.