გიორგი გოგლიჩიძე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ნომერ პირველი პრობლემა არის ინფრასტრუქტურა
გიორგი გოგლიჩიძე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ნომერ პირველი პრობლემა არის ინფრასტრუქტურა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ნომერ პირველი პრობლემა ძირითადად, ინფრასტრუქტურას ეხება, – ამის შესახებ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“, გიორგი გოგლიჩიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა.

„არის პროექტები, რომელთა შესრულებაც ჩვენდა სამწუხაროდ, დაგვიანებით დაიწყო. ამაში არის სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც. ეს არის კონტრაქტორებისგან დაგვიანებით შესრულებული სამუშაოები და ასევე, წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუნიციპალიტეტში დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტები, რაც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტისთვის ასევე პრობლემური საკითხია გაზიფიცირება, მაგრამ არსებობს ორწლიანი პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება და გაზი აბსოლუტურად ყველა სოფელს, ყველა ოჯახს ექნება.

როგორც გოგლიჩიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ბაქარ ხიჯაკაძე დებატებში იმიტომ არ მონაწილეობს, რომ ისეთი გუნდის წარმომადგენელია, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ხალხს აწამებდა და მას სათქმელი არაფერი აქვს.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში პროვოკაციებს აწყობს, რასაც ზესტაფონში ვერ მიაღწიეს. 

„ლიდერები იყვნენ ჩამოსული და რამდენიმე დღე აქტიურად მოძრაობდნენ სოფლებში, რომ რაღაც პროვოცირება მომხდარიყო“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.

გიორგი გოგლიჩიძემ დებატებში მონაწილე ზესტაფონის მერობის კანდიდატს, გოგი წულაიასაც უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „სოფელ სვირში ეკონომიკის სამინისტრომ საძოვრები გაყიდა, რაც სოფელს დიდ პრობლემას უქმნის, რადგან სოფელს განვითარებისთვის ტყე, საძოვრები და მიწა უნდა, რომ ადგილზე ჩამბარებელი და გადამამუშავებელი პუნქტი გაკეთდეს“.

როგორც გოგლიჩიძემ აღნიშნა, სოფელ სვირში საძოვრები არ არის, მაგრამ მათი გაყიდვა წინა ხელისუფლების დროს მოხდა.

გოგლიჩიძემ ასევე განაცხადა, რომ მის ოპონენტებს ზესტაფონი მხოლოდ არჩევნების დროს გაახსენდათ.

„სხვადასხვა კანდიდატები ზესტაფონში წინასაარჩევნოდ, ორი თვით ადრე ჩამოირბენენ ხოლმე. ზესტაფონი სტუმართმოყვარე რაიონია და სტუმრებს კარგად ვიღებთ, მაგრამ გაცილებაც კარგი ვიცით და 19 მაისს გავაცილებთ“, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.