გიორგი გოგაძე - პროკურატურაში არაერთი ღირსეული ადამიანია, რომელსაც გენერალურ პროკურორად კანდიდატურის დაყენება შეუძლია
გიორგი გოგაძე - პროკურატურაში არაერთი ღირსეული ადამიანია, რომელსაც გენერალურ პროკურორად კანდიდატურის დაყენება შეუძლია

პროკურატურაში არაერთი ღირსეული ადამიანია, რომელმაც შეიძლება, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურა დააყენოს, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან პასუხად კითხვაზე, თუ შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩევენ, ვინ შეცვლის მას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

ამასთან, გოგაძის თქმით, ის თადუმაძის შემცვლელად საკუთარ თავს არ მოიაზრებს, თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მხარს დაუჭერდა.

„წინასწარ არ ვიცი. პროკურატურაში არის არაერთი ღირსეული ადამიანი, რომელმაც შეიძლება, კანდიდატურა დააყენოს. მაგალითად, მე რამდენიმე კანდიდატს სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. წინასწარ ვერ დავასახელებ, უხერხულია”, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, თადუმაძის მოადგილეებმა დააყენონ საკუთარი კანდიდატურა, გოგაძე პასუხობს – „რატომაც არა“, თუმცა თავის თავს კანდიდატად არ განიხილავს.

მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

მომავალი გენერალური პროკურორის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ უნდა აირჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს.

დატოვე კომენტარი