გიორგი გოჩოლეიშვილი - „საბურთალო” სამეულში უნდა მოხვდეს #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი - „საბურთალო” სამეულში უნდა მოხვდეს #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად გამოიძახა. „საბურთალოს“ ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც სეზონის აღმოჩენის ტიტულზე შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს.

მას „საბურთალოში“ დებიუტი შარშან ჰქონდა, წელს კი თხუთმეტივე მატჩი ჩაატარა და ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს. 20 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ გუნდი მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს.

„ფეხბურთელებმა „თელავთან“ ბევრი ვიშრომეთ და დაგვიფასდა. კარგია, რომ გავიმარჯვეთ და მორიგი ქულები მოვიპოვეთ. „საბურთალო“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ასეა ამჯერადაც. მინიმუმ სამეულში უნდა მოვხვდეთ, თუმცა ჩემპიონობის შანსიც არსებობს. პირველობის დასრულებამდე ჯერ ბევრია დარჩენილი“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.

20 წლის ნახევარმცველმა სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა. სად ურჩევნია? გოჩოლეიშვილმა ამის შესახებაც ილაპარაკა:

„თავიდან, „საბურთალოს” აკადემიაში რამდენიმე პოზიციაზე მითამაშია. პირველ გუნდშიც მიწევს სხვადასხვა პოზიციაზე გამოსვლა. ჩემთვის უცხო არც 9 ნომერის პოზიციაზეა თამაში“.