წერტილი ნონიკაშვილებმა დასვეს - „საბურთალომ“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT
წერტილი ნონიკაშვილებმა დასვეს - „საბურთალომ“ „თელავი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-15 ტურის საშინაო მატჩი „თელავმა“ რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გამართა – კახელებმა „საბურთალოს“ უმასპინძლეს და სასურველი ქულები ვერ მოიპოვეს.

საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, ანგარიში კი 59-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს: „საბურთალოს“ მცველმა გიორგი ლაცაბიძემ ჯარიმა მახვილი კუთხიდან შეასრულა და ეფექტური გოლით სტუმრები დააწინაურა.

„თელავი“ მატჩის გადარჩენას შეეცადა, ბოლო მომენტში თანაგუნდელების დასახმარებლად შეტევაში „თელავის“ მეკარე გიორგი ჩოჩიშვილიც ჩაერთო. ამით „საბურთალომ“ ისარგებლა. სწრაფი და შედეგიანი კონტრშეტევა ორმა ნონიკაშვილმა განავითარა – შოთა ნონიკაშვილის პასით მეკარესთან პირისპირ ლევან ნონიკაშვილი დარჩა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „საბურთალოს“ სასარგებლოდ.


„თელავი“ – „საბურთალო“ 0:2


გოლები: 0:1 ლაცაბიძე (59), 0:2 ლ. ნონიკაშვილი (90+6. შ. ნონიკაშვილის პასით)

24.05.2021. რუსთავი. სფფ-ს ტექნიკური ცენტრი.

„თელავი“: ჩოჩიშვილი – ფაცაცია, ბერიაშვილი, ჯიქია – ინჯგია, მ. ბაშელეიშვილი, ჯანელიძე, შერგელაშვილი – ხაბულიანი (46. ც. კაპანაძე), შეყილაძე (71. ბაიბალაევი), არდაზიშვილი (60. ციცქიშვილი)

„საბურთალო“: გოშაძე – კაკუბავა, მუდრაკი, ჯგერენაია – მალი, ტერა (87. შ. ნონიკაშვილი), ცნობილაძე (87. ძებნიაური), ლაცაბიძე – მანდრიჩენკო (71. ლ. ნონიკაშვილი) – გოჩოლეიშვილი (81. თ. ტაბატაძე), ი. ტაბატაძე (71. შულაია)

მთავარი არბიტრი: ა. აფციაური

გაფრთხილებები: შეყილაძე (23), არდაზიშვილი (52), ბერიაშვილი (88), მ. ჯიქია (90), ნონიკაშვილი (90+1)


ეროვნულ ლიგაში გამართული 15 ტურის შემდეგ „თელავმა“ (8 ქულა) „სამტრედიას“ (9 ქულა) ვერ გადაასწრო და ისევ ბოლო, მე-10 ადგილზეა. „საბურთალომ“ კი 24 ქულა დააგროვა და კონკურენტ „ლოკომოტივს“ (24 ქულა) დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ისევ მეხუთე პოზიციაზეა.

ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური ხვალ დასრულდება – „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ „სამტრედია“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.