გიორგი გიორგანაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ
გიორგი გიორგანაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“) ბრალს დღეს დაუმძიმებენ. გლდანის საპყრობილეში პროკურატურის თანამშრომლები მას დაახლოებით 11:00 საათისთვის ახალ ბრალს ორგანიზებული ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგენენ.

მსახიობის ადვოკატს საქმის მასალებს ბრალის წარდგენის შემდეგ გადასცემენ. თუმცა, ადვოკატი გიორგი მახარაძე გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობას.

„რაც შეეხება გიორგი გიორგანაშვილის დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობას, ახლავე გიდასტურებთ, რომ ამას ადგილი არ ჰქონია. სამწუხაროდ, სანამ ბრალის წაყენება მოხდება, მანამდე მასალებზე ხელმისაწვდომობა არ გვაქვს. თუმცა, როგორც სხვა დაკავებულის ადვოკატებისგან გავიგეთ, ახალი არაფერი დევს საქმეში. ამ საქმეზე გიორგის კავშირთან დაკავშირებით ნარატივი სულ ჰქონდა პროკურატურას წინა პროცესებზე და იქ, იმ გამოძიებაში პროკურატურისვე დადგენილებაში გამოეყო გიორგი გიორგანაშვილის საქმე ჯაბა ხულორდავას საქმეს, ვინაიდან არ დადასტურდა კავშირი. შესაბამისად, ველოდებით თუ რაიმე ახალი აქვს პროკურატურას მოპოვებული გამოძიების ფარგლებში“, – აცხადებს გიორგი მახარაძე.

გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ქორიძეს გიორგი გიორგანაშვილი და ჯაბა ხულორდავა თურქეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანაში ეხმარებოდნენ.

ადვოკატი გიორგი მახარაძე შსს-ს ინფორმაციას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, გიორგი გიორგანაშვილისა და ჯაბა ხულორდავას კავშირი არ დასტურდება. რაც შეეხება ირაკლი ქორიძეს, გიორგი მახარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს და ირაკლი ქორიძეს ბიზნესპარტნიორობა აკავშირებთ. თუმცა, მისი განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი გიორგანაშვილი ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობდა ან ირაკლი ქორიძეა ნარკოდანაშაულის ორგანიზატორი. ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დამტკიცება სჭირდება.

„ირაკლი ქორიძე იყო გიორგი გიორგანაშვილის ბიზნესპარტნიორი. მათ ჰქონდათ ელექტროსიგარეტების საერთო მაღაზია. სხვა ინფორმაცია, მეგობრობდნენ თუ არა, არ ვიცი. ხულორდავას ჩვენებით დაიწყო გიორგი გიორგანაშვილზე გამოძიება და სწორედ ირაკლი ქორიძეზე სთხოვდნენ თანამშრომლობას, რაზეც უარის მიღების შემდეგ, მოხდა გიორგი გიორგანაშვილისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადება, რის გამოც, მას ახლა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ეს საქმეც გასაჩივრებულია სააპელაციოში და უკვე 10 აპრილს იქნება პირველი სხდომა. ამ ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, არავითარი მტკიცებულება ამ საქმეზე არ არსებობს და თავიდან ბოლომდე არის ტყუილი. ამ ტყუილის სანაცვლოდ, სწორედ ჯაბა ხულორდავას გაუფორმდა ძალიან ხელსაყრელი საპროცესო გარიგება“, – აცხადებს გიორგი მახარაძე.

ამ დრომდე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება მხოლოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა, რისთვისაც მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მსახიობი ბრალს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა. ასევე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ჯაბა ხულორდავას.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.

1-ელ აპრილს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.