გიორგი გიორგანაშვილმა სააპელაციო სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
გიორგი გიორგანაშვილმა სააპელაციო სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ამ ფარსში მონაწილეობა არ მინდა და მე დავტოვებ სხდომათა დარბაზს, ამის შესახებ გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალა)  სააპელაციო სასამართლოში განაცხადა და პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

სხდომაზე, სადაც დაცვის მხარე  გამამატყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს, მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

სხდომის დაწყებისას გიორგი გიორგანაშვილმა მოსამართლეთა კოლეგიას განცახდების წაკითხვა სთხოვა, რომელშიც აღნიშნა, რომ განაჩენი წინასწარ არის გადაწყვეტილი და სასამართლო სიმართლის დადგენით დაინტერესებული არ არის.

“ხშირად მესმის, რომ დღეს გვაქვს სამართლიანი სასამართლო, სად არის ეს სასამართლო, როცა პროკურატურაში ჩემ მიმართ ჩადებაზე მიდის გამოძიება და პირველმა ინსტანციამ, შორენა გუნცაძემ თავად აიღო საგამოძიებო ფუნქციები, დაადგინა, რომ ნარკოტიკები არ ჩამიდეს და ბინძური პოლიციელები “გააპრავა”. თქვენც უარი მითხარით საქმის მასალების გამოთხოვაზე. გულში ჩაიხედეთ და მიპასუხეთ. თუ სიმართლით ხართ დაინტერესებული, თავადაც გამოითხოვდით, მაგრამ განაჩენი  უკვე გადაწყვეტილი გაქვთ. დღევანდელი სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებებით, მოქალაქეებს უბიძგებს ქუჩაში დემონსტრაციისკენ. მინახავს ისეთი საქმეები, სადაც ადამიანები სისტემას გადაურჩნენ, მაგრამ არ მინახავს დასჯილი პოლიციელები. პოლიციელის ქმედებას „აპრავებთ“ აქ, სასამართლოში. წელიწადნახევარია ამ აბსურდულ ქაოსში ვცხოვრობ და არავინაა სიმართლით დაინტერესებული. იმედი გადამეწურა პირველ სხდომაზე, როცა არცერთი ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა”, – განაცხადა გიორგანაშვილმა.

გიორგი გიორგანაშვილს საქალაქო სასამართლომ 45 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მსახიობი ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას სამართალდამცველებმა ჩაუდეს.