გიორგი ღურჯუმელიძე - პრემიერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტების გრძელვადიან გეგმებზე, რაც მათ სტაბილურ და მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო გრძელვადიან გეგმებზე საუბარი, რომლის შემუშავების პროცესშიც არიან მუნიციპალიტეტები და რომელმაც უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტების სტაბილური, მდგრადი განვითარება.
„ასევე შევეხეთ მუნიციპალიტეტებში აუცილებელ განსახორციელებელ ოპტიმიზაციის პროცესს და კოორდინაციის უფრო მეტად გაძლიერებას ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, რათა საკითხების გადაჭრა უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს. შევეხეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც, რომლებიც მომავალში მუნიციპალიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ თავის მუშაობაში და ასევე ცენტრალური ხელისუფლება უნდა დაეხმაროს მათ ამ საკითხების გადაჭრაში“, – განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.