გიორგი გახარიასა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
გიორგი გახარიასა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს COVID 19-ის გლობალური პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კორონავირუსის უარყოფითი ზეგავლენის დაძლევას.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ როგორც ევროპაში, ისე საქართველოში პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ახალი მოწვევის პარლამენტის დროულად და სრულად შეკრება, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება ევროკავშირში მეტი ფიზიკური ინტეგრაცია, მათ შორის, ეტაპობრივი ინტეგრაცია ერთიან ევროპულ ბაზარზე. მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებები და დემოკრატიულ განვითარების მაღალი დონე, აგრეთვე, ისაუბრეს იმ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლითაც ქვეყანა რეგიონული ლიდერია.

საუბარი შეეხო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომას, რომლის ჩატარებაც ბრიუსელში, 2021 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. შეხვედრისას ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.

გიორგი გახარიამ ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.