გიორგი გახარიასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
გიორგი გახარიასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქართველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ ბენიამინ ნეთანიაჰუს  ახალი კოალიციური მთავრობის შექმნა მიულოცა და ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხთან  მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა ისაუბრეს „კოვიდ-19“-ის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და იმ უსაფრთხოების ზომებზე, მათ შორის, საერთაშორისო ფრენების აღდგენისა და ტურიზმის ამოქმედების კუთხით, რომელსაც სახელმწიფოები პოსტპანდემიურ პერიოდში მიმართავენ. ყურადღება გამახვილდა ე.წ. უსაფრთხო დერეფნების კონცეფციაზე, რასთან დაკავშირებითაც საქართველოსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორივე სახელმწიფომ შეძლო „კოვიდ-19“-თან ეფექტური ბრძოლა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შედეგად, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც პირველი ივლისიდან შეძლებს ტურიზმის გახსნას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას, ამასთანავე უზრუნველყოს უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა. ასევე მისასალმებელია, რომ ისრაელი საქართველოს იმ რვა სახელმწიფოს შორის განიხილავს, რომელთანაც ტურიზმის გახსნას გეგმავს.

პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულ პროგრესზე. აღინიშნა, რომ პანდემიისგან შექმნილი გამოწვევების, მათ შორის ეკონომიკური სირთულეების დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.