გიორგი გახარიას კითხვები და კახა კალაძის პასუხები [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხის ეთერში მერობის 16 კანდიდატს შორის დებატებისას „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა კალაძეს კითხვებით მიმართა.

გახარიამ კალაძეს ჰკითხა, თუ დაუჯდება პირისპირ დეტალებში: „კახას მინდა ვკითხო, მე თუ დამიჯდება დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად“, რაზეც კახა კალაძემ აღნიშნა: „პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდე და ამის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა. ამ არჩევნებში გექნებათ საშუალება, ნახოთ, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, პირადად თბილისელების მხრიდან. ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში, ხვალ, ზეგ გვექნება შესაძლებლობა“.

დებატებისას გიორგი გახარიამ კახა კალაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართა, იზიარებს თუ არა კახა კალაძე თანაგუნდელების ბრალდებებს გახარიას მიმართ.

„დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. შენი თანაგუნდელებისა და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები – ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე, იზიარებ თუ არა ამ ბრალდებებს“, – მიმართა გახარიამ კალაძეს.

როგორც კალაძემ კითხვის პასუხად აღნიშნა, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია.

ნარკომანობასთან დაკავშირებით, მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება, გიორგი შენს საქციელს, მე ეს პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ – მე არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე არ შევალ შინაარსში და არ მინდა, ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.

დატოვე კომენტარი