გიორგი გახარიას ინტერვიუ „ფოქს ნიუსთან“ - ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა განვსაზღვროთ, როდის გავხსნათ ხელახლა საქართველო
გიორგი გახარიას ინტერვიუ „ფოქს ნიუსთან“ - ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა განვსაზღვროთ, როდის გავხსნათ ხელახლა საქართველო

შორს ვართ იმისგან, რომ ვთქვათ – გავრცელება შეჩერდა, თუმცა მაქსიმალური გავაკეთეთ, რათა ვირუსის გავრცელების მრუდე გაგვესწორებინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამერიკულ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, მართალია კორონავირუსის საკითხი, როგორც ჩანს, კონტროლქვეშაა, თუმცა ჯერ შორს არის საფრთხის დასრულება.

„გვჯერა, რომ სიტუაცია სტაბილურდება. თუმცა, არ შეგვიძლია, ზედმეტი რეაგირება მოვახდინოთ ან გაუფრთხილებლად ვიმოქმედოთ. გავაგრძელებთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებთან და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობას, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის „გავხსნათ ხელახლა” საქართველო“, – აცხადებს საქართველოს პრემიერი.

როგორ „ფოქს ნიუსი“ აღნიშნავს, სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებლის მიუხედავად, დიდი დარტყმა მიადგა ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც მზარდი თავისუფალი ბაზარი და დიდწილად ეყრდნობა კულტივაციასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ასევე მანგანეზის, სპილენძისა და ოქროს მოპოვებას.

„კოვიდ-19 დიდ კვალს დატოვებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესზე და ჩვენს სოციალურ ქცევებზე. უდავოა, ამას უკიდურესად ნეგატიური ეფექტი ექნება მსოფლიო ეკონომიკაზე – ბირჟების რეაგირება ამის ნათელი დასტურია. რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მიღებულ ზომებს ეკონომიკური გავლენა აქვს. როგორც თითქმის ყველა ქვეყანამ, ჩვენ დავაწესეთ სოციალური დისტანცირება და მთელ ქვეყანაში არასასიცოცხლო მნიშვნელობის ბიზნესი დავხურეთ“, – აცხადებს საქართველოს პრემიერი.

„ფოქს ნიუსი“ აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს ასობით მილიონ დოლარს ბიზნესის დასახმარებლად, გადასახადების გადავადებასა და სხვა შეღავათებს. ტელეკომპანია ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველო მიიჩნევა ჰაბად აღმოსავლეთ ევროპასა და დასვლეთ აზიას შორის.

„საქართველოსთვის საკვანძო იყო ადრეული, გადამწყვეტი ქმედებები და მკაფიო, მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ქვეყნის დახურვა მარტივი არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრად მარტივია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკასთან შედარებით. ჩვენ მივიღეთ აგრესიული გადაწყვეტილება, დაგვეხურა მსხვილი საზოგადოებრივი ღონისძიებები და შეკრებები. ასევე, დავხურეთ სკოლები მარტის შუა რიცხვებში და დავაწესეთ თვითიზოლაცია. ჩვენი ათასობით მოქალაქე საკარანტინო სივრცით უზრუნველვყავით და სრულად ავკრძალეთ გადაადგილება ღამით“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.

საქართველოს პრემიერის განმარტებით, მართალია პირველი პრევენციული ზომები იანვარში ამოქმედდა, თუმცა საზღვრები დაუყოვნებლივ სრულად არ ჩაკეტილა. მისი თქმით, მიდგომა ეტაპობრივი იყო, რასაც შედეგად 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა.

ამერიკულმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსმა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებისა და ვირუსის შეჩერების მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული ზომების შესახებ ჩაწერა. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, „მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს, ერთ ქვეყანაში გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შემთხვევები არ არის და ეს ქვეყანა საქართველოა“.