გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ბათუმსა და ზუგდიდში აქციები გაიმართა
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ბათუმსა და ზუგდიდში აქციები გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ბათუმსა და ზუგდიდში აქციები გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდი ცენტრში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გიორგი გახარიას ბანერი გადმოფინეს წარწერით, „წადი“.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან პლაკატის გადმოფენის გამო, ენმ-ს წევრის, გიორგი ფიფიას მიმართ ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა ოქმი შეადგინეს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ქმედებით დაირღვა 150-ე მუხლი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ნახატებისა და წარწერების თვითნებურ შესრულებას შენობასა და ფასადებზე, ასევე პლაკატების და ლოზუნგების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომელიც არ არის გამოყოფილი.

ამასთან, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ორი აქცია გაიმართა ბათუმში.

„გახარია წადი“ ამ წარწერების პლაკატები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ახალგაზრდების ჯგუფმა ქუჩაში გააკრა.

ახალგაზრდებმა ფოტოები ძირითადად იმ სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე გააკრეს, სადაც მათი განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატები ცხოვრობენ.

ახალგაზრდების კიდევ ერთმა ჯგუფმა ბათუმში აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.

„დაუყოვნებლივ გადადგეს თვალთხარია გიორგი გახარია და პასუხი აგოს დაშავებულ მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც სისხლი დაღვარეს. რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ ამას ყოველთვის განვაცხადებთ”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.