გიორგი გახარიამ ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა
გიორგი გახარიამ ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

ზუგდიდში მდებარე ხუთსართულიანი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი, ის საქართველოში პირველი სახანძრო-სამაშველო შენობაა,  რომელსაც ვერტმფრენის დასაშვები სივრცეც აქვს. გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო ავტომობილზე.

შენობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო, კოორდინაციის სამმართველო და ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული განყოფილებაა განთავსებული.

ამასთან, შენობა სავარჯიშო სივრცეს, გარდერობს, საძინებელს, სამზარეულოსა და საშხაპე ოთახებს, სამედიცინო კაბინეტებს მოიცავს. მასში საოპერატორო ოთახი, ე.წ. ქოლცენტრიცაა განთავსებული.

„პირველ რიგში მინდა, ზუგდიდელებს ბოდიში მოვუხადო, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. გამაღიზიანებელი იყო დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი. ასეთი საქართველოში არ არის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანად მომუშავე ობიექტი, რომელიც დღეს გაიხსნება. აქ დღეიდან ყოველდღიურად იქნება 20 მეხანძრე-მაშველი. იქნება ქიმიური უსაფრთხოების ზედამხედველობის დანაყოფებიც. ამ შენობაში ყველაფერი იქნება ერთად კონცენტრირებული. ეს იქნება ძალზედ ეფექტიანი ინსტრუმენტი, რათა ვებრძოლოთ ხანძარს და სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა სამაშველო ღონისძიება, რომელიც არის ამ ობიექტის მოვალეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასაც ვულოცავ ამ დღეს, რადგან  ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის ეს ნაწილი, ბოლო წლების განმავლობაში ცოტა უყურადღებოდ იყო, ახლა ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთში რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.