გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

მთავრობა ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმაზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს – პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ მიზნით, მორიგი სამუშაო შეხვედრა,  დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ხდება და უმნიშვნელოვანესია ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რათა მსოფლიო გლობალურ კონკურენციაში ქვეყანამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

„გიორგი გახარიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ძრავის მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღდგენის აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი უწყებები სტრატეგიული გეგმის ძირითად მიმართულებებსა და სექტორის მხარდამჭერ ნაბიჯებზე აქტიურად მუშაობენ“, – აღნიშნულია ამ საკითხზე პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.