გიორგი გახარიამ სვანეთში მესტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
გიორგი გახარიამ სვანეთში მესტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ სვანეთში მესტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის მესტიის მერობის კანდიდატია მალხაზ უდესიანი.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს – მესტიაში კენჭს იყრის გიორგი გვარლიანი, ლენჯერის თემში ვიკა ფილფანი, ლახამულა, ხაიში, იდლიანის თემში პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატია  ნანა მუშკუდიანი, ​ეცერი, ცხუმარის თემში კენჭს იყრის რამაზ გერლიანი, მულახის თემში – ზურა დევდარიანი,
მირანდა აფრასიძე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია ბეჩოს თემში, ხოლო ჭუბერის თემში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს იყრის ლერი ნარსავიძე.

​როგორც გიორგი გახარიამ მესტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა, ეს არის არჩევნები, რომლისგანაც ქვეყანაში ცვლილებები და რეალური წინსვლა დაიწყება.

„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის დღეა რამდენიმე მიზეზის გამო. მოგეხსენებათ, სულ ახლახანს ჩვენ გავხსენით პარტია „საქართველოსთვის“ მესტიაში ოფისი, რაც ჩვენთვის დიდი პატივია და ამავე დროს სულ რამდენიმე დღეში ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რომელშიც ყველაზე ღირსეული სვანეთის შვილები იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი პარტიის სახელით. პატივი მაქვს, თითოეული თქვენგანი დღეს გავაცნო საზოგადოებას. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ და ეს პრინციპული სიტყვებია. პრინციპული სიტყვებია, რადგან ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა არასოდეს არ უნდა გავხადოთ თვითმიზანი. ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, საქართველოს წინსვლისთვის და თითოეულ რეგიონში, სვანეთში, მესტიაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის.

ამ შემართებით დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ჩაერთვება ამ საარჩევნო კამპანიაში და იბრძოლებს გამარჯვებისთვის. კამპანიაში, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. ეს არჩევნები დიდი ხანია გასცდა უკვე მუნიციპალურ დონეს. ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დაიწყება ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში და დაიწყება რეალური წინსვლა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული ცვლილებები იყო ქვეყანაში, თუმცა დღეს, ჩვენ ერთ ადგილზე ვდგავართ სამწუხაროდ. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მიმართულებით უკანაც ვიხევთ და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგი, რაც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, უნდა შევინარჩუნოთ და ამ ყველაფერზე დავაშენოთ ახალი წარმატებების ისტორია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.