გიორგი გახარიამ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილა
გიორგი გახარიამ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში არსებულ გამოწვევები ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა დეტალურად მოისმინა სფეროს ექსპერტების პოზიციები ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე. საუბარი შეეხო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე – ოჯახის ექიმთან კონსულტაციით ან კოვიდსასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობა.

შეხვედრაზე ერთობლივად აღინიშნა, რომ მობილობის შემცირების მიზნით საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები. აქვე ხაზი გაესვა, რომ საუბარი არ ეხება საყოველთაო ლოკდაუნს.

ასევე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციას უწყობს ხელს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე,  ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, ექიმები – გიორგი გოცაძე და ზურაბ გურული. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შვეიცარიიდან შეუერთდა გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ასევე – ესტონეთში მოღვაწე ექსპერტი ზაზა წერეთელი.