გიორგი გახარიამ მშენებლობის სფეროს წარმომადგენლებს მიმართა - მეუბნებით, სად რა პრობლემა გვაქვს ან ყველაფერი კარგად არის, მაშინ მეც ბედნიერი ვარ და თქვენც
გიორგი გახარიამ მშენებლობის სფეროს წარმომადგენლებს მიმართა - მეუბნებით, სად რა პრობლემა გვაქვს ან ყველაფერი კარგად არის, მაშინ მეც ბედნიერი ვარ და თქვენც

მშენებლობა, ეს არის დარგი, რომელიც ყოველთვის იყო ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის დრაივერი და დარგი, რომელიც ყველაზე მეტ ხალხს ასაქმებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

გიორგი გახარია მშენებლობის სფეროს წარმომადგენლებს დღეს ბიზნესთან სექტორული შეხვედრების ფარგლებში შეხვდა. მან შეხვდრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბიზნესთან შეხვედრების მიზანზე ისაუბრა.

„დავიწყეთ შეხვედრების სერია. მიზანი არის მარტივი – რაც შეიძლება, სწრაფად გავზარდოთ ტემპერატურა, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც ძირითადი დრაივერები არიან ჩვენი ეკონომიკის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის. ეს არის ძირითადი ამოცანა. მესმის, 2017 წელი უკეთესი იყო, ვიდრე 2018“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, იყო გარკვეული პრობლემები 2018 წელს, როგორც რეგულირების, ისევე ადმინისტრირების ნაწილში.

„2019 წელი საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა ძალიან კარგად მესმის, რომ საბანკო რეგულაციების ნაწილში, პირველ რიგში, ისევე როგორც დარგში, სხვა სახის რეგულაციების შემოღებით, ზოგან გამკაცრებით, ძალიან კარგად მახსოვს 41-ე დადგენილება და კიდევ ბევრი რამ, გარკვეული შეფერხებები და სირთულეები შეიძლება, იყო. ყველაფერი არის ძალიან მარტივად, ჩვენ უნდა ვეცადოთ, მარტივად მივუდგეთ არსებული პრობლემების სწრაფ გადაჭრას. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იქ, სადაც არსებობს სწრაფი გადაწყვეტილების მიღების რესურსი, მივიღოთ; იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, დავსხდეთ და თქვენთან ერთად ვისაუბროთ. ეს არის მიდგომა. ამისთვის იქმნება გარკვეული ფორმატი, პლატფორმაც, არანაირი პრობლემა არ იქნება არც წვდომაში, არც საუბარში, მაშინაც, როდესაც კონკრეტულ ამოცანებზე და კონკრეტულ პრობლემებზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ საკითხში გონივრულობა მნიშვნელოვანია. მან შეხვედრის მონაწილეებს მიმართა, რომ პრობლემებზე ღიად ესაუბრათ.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ გონივრულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაფერს თავისი ფორმალური საზღვრებიც აქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ძირითადი ამოცანა არის შემდეგში – მშენებლობა, ეს არის დარგი, რომელიც ყოველთვის იყო ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის დრაივერი და მეორე, მშენებლობა იყო და არის დარგი, რომელიც ყველაზე მეტ ხალხს ასაქმებს. ამიტომ შევუდგეთ,  ერთმანეთის დანდობის, მოფერებისა და დითირამბების გარეშე, თქვენ მე მეუბნებით, კონკრეტულად სად და რა პრობლემა გვაქვს, საიდან მომდინარეობს, რამდენი ხანია, გელოდებით, ან მეუბნებით, რომ ყველაფერი კარგად არის და მაშინ მეც ბედნიერი ვარ და თქვენც“, – მიმართა მშენებლობის სფეროს წარმოამდგნლებს პრემიერმა.