გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, შეიძინონ ქართული პროდუქტები
გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, შეიძინონ ქართული პროდუქტები

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომლებიც ხდება სულ უფრო ხარისხიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, აგროსასურსათო უსაფრთხოება ქვეყნისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, არცერთი აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით.

„სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა. ეს არის ჩვენი მიზანი. გარდა ამისა, შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის, არის დარგის ინდუსტრიალიზაცია. ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია, ვებრძვით, სადაც გარკვეული წარმატებები გვაქვს. ძალზე მნიშვნელოვანი თუნდაც ის, რომ აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 300-350 მილიონ დოლარამდეა ჩამოყვანილი. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. ეს არის გეგმა, რომელიც შეიმუშავეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე ჩვენ მსჯელობას დავიწყებთ ამ პროგრამის დეტალებზე, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომლებიც ხდება სულ უფრო და უფრო ხარისხიანი. ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდეგ, სოფლის მეურნეობის პროდუქტები საერთაშორისო ბაზრებზე იყოს კონკურენტუნარიანი. ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნული განცხადება პრემიერმა სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერმა პროგრამები წარადგინა, რომელიც ფერმერების მხარდაჭერას ითვალისწინებს – თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით; ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც საბაზრო ფასზე გარანტირებულად ერთი ლარით იაფი იქნება; 2020 წელს 42 000 ფერმერი სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება; ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.