გიორგი გახარიამ ირმა ნადირაშვილს ფრაქციის სხდომაზე ტყვია გადასცა [ვიდეო]

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, გიორგი გახარიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ტყვია გადასცა, რომლის მსგავსიც 20-21 ივნისს იქნა გამოყენებული და, რომელსაც მისი თქმით, აწერია „არა ლეტალური“.

ირმა ნადირაშვილმა გიორგი გახარიას ჰკითხა, ვინ მიიღო აქციის დარბევისას იმ ტიპის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება და იცოდა თუ არა, რომ ამ ტყვიებს აწერია „ნაკლებად ლეტალური“.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნადირაშვილი იტყუებოდა და ტყვიას აწერია „არა ლეტალური“.  ამასთან, მან დეპუტატს დარბაზში ტყვიაც გადასცა.

„იტყუებით, ამ ტყვიებს აწერია „არა ლეტალური“ და შეგიძლიათ სურათების ინტერნეტიდან ამოღების მაგივრად, მიბრძანდეთ შესაბამის დანაყოფებში და ამოიღოთ რეალური ტყვიები, რომლებიც იქ იყო გამოყენებული, ან მიმართოთ მწარმოებელს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.