გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორთან ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა
გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორთან ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკური გუნდის ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს  მთავრობის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის ერთობლივ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელების ნეგატიური ზემოქმედების შემსუბუქებას.

„უკვე მიღწეულია შეთანხმება, ფისკალური სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით, ასევე, გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი, მათ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენებენ, რათა ბიზნესზე შესაძლო ნეგატიური გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.

საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დააფიქსირა“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ეკონომიკის სტიმულირების შეჯერებული გეგმის კონკრეტული მიმართულებები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბიზნესომბუდსმენი და საბანკო სექტორის წარმომადგენლები.