გიორგი გახარიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
გიორგი გახარიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკისა და სამშვიდობო საკითხებში, როზმარი დიკარლოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარის ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

მათივე ცნობით, აღინიშნა ორგანიზაციის განსაკუთრებული როლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ყოველდღიური გამოწვევების ფონზე.

ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე, ახალგორის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვაზე, მავთულხლართების მშენებლობის ეპიზოდებსა და მოქალაქეების დაკავებაზე.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გაერო კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დეესკალაციისთვის.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე ერთგულება სამშვიდობო პოლიტიკისადმი, რომელიც მიმართულია ახალი სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული ურთიერთმომგებიანი პროექტების განხორციელებისკენ.