გიორგი გახარიამ და ეკატერინე ტიკარაძემ რუხის კლინიკა დაათვალიერეს [ფოტო]
გიორგი გახარიამ და ეკატერინე ტიკარაძემ რუხის კლინიკა დაათვალიერეს [ფოტო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხის მრავალპროფილური კლინიკა დაათვალიერეს.

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება.

ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულების აპარატურით და საწოლებით აღჭურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

კლინიკას ხელოვნური სუნთქვის 11 აპარატი უკვე გადაეცა. აღნიშნული აპარატი მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ.

„დღეს რუხის საავადმყოფოში ჩვენ უკვე ჩამოვიტანეთ ხელოვნური სუნთქვის 11 აპარატი და 35 საწოლი. შევხვდით ექიმების იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდებიან. ჩვენ მოგვიწევს მუშაობა სამედიცინო პერსონალის მობილიზების საკითხზე. პროცესს კოორდინაციას ადგილზე სამინისტროს წარმომადგენელი გაუწევს. კლინიკის აღჭურვის პროცესი გაგრძელდება და ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, 200-მდე პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ. ვითვალისწინებთ ასევე იმ ფაქტს, რომ მივიღებთ პაციენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მათაც გავუწევთ სათანადო სამედიცინო მომსახურებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.