გიორგი გახარიამ ბათუმის საზღვაო აკადემიის სამანქანე განყოფილება გახსნა
გიორგი გახარიამ ბათუმის საზღვაო აკადემიის სამანქანე განყოფილება გახსნა

პრემიერ-მინისტრი ბათუმში იმყოფება. გიორგი გახარიამ ბათუმის საზღვაო აკადემიის სამანქანე განყოფილება გახსნა. განყოფილების მოწყობისთვის 500 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო.

მთავრობის მეთაურმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია დაათვალიერა. სამანქანე განყოფილების ლაბორატორიის შენობა განახლდა, აღიჭურვა შესაბამისი დანადგარებით და შესაბამისობაში მოვიდა თანამედროვე გემების სამანქანო განყოფილებასთან. განახლდა ელექტროტექნიკის, პნევმატიკის, ჰიდრავლიკის და ელექტროავტომატიკის (FESTO) ლაბორატორიები. აკადემიის სტუდენტებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად იმყოფებოდა.

„ეს შენობა აღდგება. ერთ წელიწადში სარემონტო სამუშაოები დასრულდება და ბათუმის საზღვაო აკადემიას ფოთში ექნება ფილიალი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გახარია აკადემიის სტუდენტებსაც შეხვდა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ესაუბრა. კონკრეტულად პრემიერი ახალგაზრდებს ფოთის ფილიალის გახსნის თაობაზე ესაუბრა.

ამასთან, 2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, დღეს პრემიერ-მინისტრმა,, გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად დაათვალიერა.

ფოთის აკადემია საწყის ეტაპზე იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო მოთხოვნას უპასუხებს. 1000-მდე სტუდენტზე გათვლილ სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის სასწავლებელი, გარდა იმისა, რომ რეგიონის ლოგისტიკურ ინტერესებს მოემსახურება, შექმნის მეთევზე მეზღვაურთა, ასევე მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობებს.

ფოთის საზღვაო აკადემიის პროექტის ბიუჯეტი ექვსი მილიონი ლარია და მას საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს.

გიორგი გახარიამ დღესვე ბათუმის სტადიონიც დაათვალიერა.