გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა - 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ?
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს მიმართა - 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ?

5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ?, – ასე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს.

„ერთი რაღაც მითხარით, ჩვენ ხომ ერთნი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ვართ ერთი მიწის შვილები, ძმები ხომ ვართ, ძმურად გვიცხოვრია? რისი გულისთვის, 5-მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმიან ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე ხომ არ შეიძლება. ხომ მოვედი და გელაპარაკებით. დამატებითი ძალა პოლიცია იყო, პოლიციას, ქვები რომ დაუშინეთ, რა უნდა გვექნა. თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ, ვილაპარაკოთ.

არავინ არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, საქართველოს რომელიმე მოქალაქის უფლებები დარღვეს, მით უმეტეს, არც თქვენი და არც ფორმიანი ადამიანების და არც კიდე მშენებელი ადამიანების. ამაზე უნდა ვილაპრაკოთ და ნიღბები უნდა მოვიხსნათ, ისე არ შეიძლება“, – მიმართა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს.

სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.