გიორგი გახარია - ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას 
გიორგი გახარია - ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას 

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე იმყოფებოდა.

გიორგი გახარია ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და პირველი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

„ბევრი ქართველისთვის, ისევე როგორც თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს ამ პარაკლისს დაესწრო, რა თქმა უნდა, საკმაოდ ემოციურია ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად, ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები პირველ რიგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას უკავშირდება. შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, პირველ პრეზიდენტს.

უაღრესად დიდი ვალდებულება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ მე-20 საუკუნის ეს უდიდესი მიღწევა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, პატივისცემით, ღირსებით მოვიხსენიოთ.

ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ინსტიტუციონალურად ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი და მომავალზე ორიენტირებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.