გიორგი გახარია - ზუგდიდში ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, ეს პირველი რიგის ამოცანა იყო, დღეს შსს-ს ამოცანაა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული
გიორგი გახარია - ზუგდიდში ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, ეს პირველი რიგის ამოცანა იყო, დღეს შსს-ს ამოცანაა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული

მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანა იყო. რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ექმნება, მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სისტემას სრულად აქვს უმთავრესი ამოცანა დღეს, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც, რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვთ მათ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების აღქმაში უდანაშაულობისა და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების შემდგომი გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც შსს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა. სამართალდამცველების ძალისხმევით, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ეტაპობრივად გაათავისუფლა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. მოგვიანებით, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. ოთხივე მათგანი გვიან ღამით გათავისუფლდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით. გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი