გიორგი გახარია – ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულსა და ბოლნისში ექნებათ, არის ის, რომ ვერ შეძლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვებას

03:07, 23.03.2020

ყველაზე დიდი დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულში და ბოლნისში ექნებათ, მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ ვერ შეძლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით შექმნილია სპეციალური ჯგუფი – არა მხოლოდ მედიკოსების, არამედ სამართალდამცავების, რომელთაც უნდა უზრუნველყონ სიწყნარე და სიმშვიდე.

„შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური შრომის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მარნეულის და ბოლნისის რეგიონიდან საქართველოს სხვა რეგიონებში გამოტანა. მათ ესტუმრებიან მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათივე უბნის ექიმები, რომლებიც იზრუნებენ ადამიანების ყოველდღიურ ჯანმრთელობაზე – აქვთ მათ ტემპერატურა, ხველება თუ სხვა სიმპტომები, რომლებიც სწრაფად მოგვცემს საშუალებას, გამოვავლინოთ ინფიცირების რისკი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა.

მსგავსი