გიორგი გახარია - ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაგვჭირდება
გიორგი გახარია - ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაგვჭირდება

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ისევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი.

„თუმცა, ვირუსი არსად წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელსაც დაზუსტებით დღეს მსოფლიოში ვერავინ ამბობს. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ისევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება, მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა მოთხოვნები, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ, არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, მსოფლიოში ღიად საუბრობენ „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.

„დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას; ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაგვჭირდება. ეს შეზღუდვები აუცილებელია იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.