გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთად ვიამაყოთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი
გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში ერთად ვიამაყოთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი

დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, დღეს, აქ, დიდი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საუბარი მომავალზე. ასევე დიდი პატივია, დღეს, სამტრედიაში, მომავალზე საუბარი კახი კალაძესთან ერთად. წარსულიც არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის და ეს წარსული იყო ამ ქალაქის სიძლიერის წარსული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენისას, სამტრედიაში განაცხადა.

„სამტრედია ყოველთვის იყო გამორჩეული ქალაქი საქართველოში, თავისი სარკინიგზო კვანძით, სატრანსპორტო კვანძით და სამწუხაროდ, 90-იანი წლების შემდეგ, ეს ფუნქციაც შენელდა, დაიკარგა. ახლა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფუნქცია სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდეს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სამტრედია გახდეს სატრანსპორტო კვანძის შემდგომი გაძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოში.

„ყველამ კარგად იცით, რომ სახელმწიფო, დიდ, მსხვილ, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის და ჩვენც, ყველანი აქ ვსხედვართ და იძულებული ვართ პირბადით ვიყოთ, არც ერთი დღე, არც ერთი სისტემური გზის, ჩქაროსნული გზის მშენებლობა არ გაჩერებულა. ესეც სამტრედიის მომავალია – რომ ქუთაისის შემოვლითი გზა, შემდეგ უკვე სამტრედია-გრიგოლეთის გზა – სულ სხვა ხარისხის სიცოცხლე იქნება აქ. აქაურ ახალგაზრდებს არ დასჭირდებათ, რომ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. მათ, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მიიღონ საბაზისო სერვისები – განათლება, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა, ყველაფერი ისეთი, როგორც სხვა ქალაქებში. გარდა ამისა, სამტრედიის სატრანსპორტო კვანძის ფუნქციას, ასევე დაემატება აეროპორტი. ქუთაისის აეროპორტს კი ეძახიან, მაგრამ  ეს აეროპორტი სამტრედიასთან უფრო ახლოს არის და ამას, თავისი ფუნქცია აქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამტრედია გახდეს სატრანსპორტო კვანძის შემდგომი გაძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოში. ეს ფუნქცია ამ ქალაქს ისტორიულად ჰქონდა და იმის მაგივრად, რომ ჩვენ, რაღაც ახალი მოვიგონოთ, უნდა გავაგრძელოთ ის, რაც ყოველთვის ვიცოდით და რაშიც ყოველთვის ძლიერები ვიყავით“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო უნდა მიეხმაროს გლეხს, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ახალ პროგრამაზე – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“.

„სამტრედია სოფლის მეურნეობის გარეშე შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ, უნდა ვიშრომოთ და მივეხმაროთ ჩვენს გლეხს, რომ გახდეს ძლიერი ფერმერი. მე, სანამ აქ ჩამოვიდოდი, ციფრებში ჩავიხედე და ცოტა გულნაწყენი დავრჩი იმიტომ, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ პროგრამას სთავაზობს, განსაკუთრებით გლეხებს. სამტრედიაში, რაც ვნახე, 2012 წლიდან სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებით სულ არის დაახლოებით 16 მლნ ლარი გამოყენებული, არაფერია საერთოდ, ძალიან ცოტაა. ისევე როგორც, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, სამტრედიაში გაშენებულია ახალი, თანამედროვე ინტენსიური კულტურებიც, სულ რაღაც 60 ჰექტარი, საერთოდ არაფერია ეს. მარტო სამტრედიაში არ ხდება ეს, სხვაგანაც ასეა. ამიტომ, ჩვენ გავაკეთეთ ახალი პროგრამა, რომელსაც ჰქვია – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ქალაქში, მათ შორის სამტრედიაშიც საზოგადოებრივ ცენტრში  ან იუსტიციის სახლში ზუსტად იმავე სერვისებს მიიღებთ, რისთვისაც გიწევდათ თბილისში ჩასვლა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობა, რომელიც მზად არის, დაიწყოს თავისი საქმე, გახსნას ბიზნესი, ეს იქნება ტურისტული, სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო, არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო მიეხმაროს, წაახალისოს და მივეხმარებით. აქ ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანმა იგრძნოს პასუხისმგებლობა, არა მთავრობას და სახელმწიფოს შეჰყურებდეს ხელში, არამედ იგრძნოს პასუხისმგებლობა, გადადგას პირველი ნაბიჯი, დაიწყოს თავისი საქმე და ამას რა თქმა უნდა, მიხმარება სჭირდება იმისთვის, რომ ღირსეულად იშრომოს და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი და შემდგომ მეზობელს დაეხმაროს, ნათესავს და ასე გაძლიერდეს ნელ-ნელა, გლეხი გახდეს ძლიერი ფერმერი. ამისთვის კეთდება ყველა ეს პროგრამა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს პირველი ნაბიჯი გადადგან. არ არის ეს მარტივი, რთულია, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ყველა ასეთ ადამიანს, ვისაც არ შეეშინდება, ვისაც ცოდნა, ინიციატივა აქვს, სახელმწიფო დაუდგება გვერდით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლებისა და საპენსიო რეფორმებზე, აგრეთვე, მასწავლებლის, ექიმისა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სახელმწიფო ამ ადამიანებს გვერდით დაუდგეს.

„სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა იზრუნოს ბავშვზე – სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი დაიცვას, საერთოდ არავის ახსოვდა ეს წლების წინ. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ბავშვებს სხვაობა არ ჰქონდეთ, დაიბადებიან ისინი თბილისში, ბათუმში, დიდ ჯიხაიშში თუ კიდევ სხვაგან, მათ ერთნაირი დონის განათლება უნდა მიიღონ და ამისთვის ტარდება განათლების რეფორმა. ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული იმაზე, რომელიმე პოლიტიკური ძალა დაჰპირდება თუ არ დაჰპირდება პენსიის გაზრდას. სწორედ, ამიტომ შევცვალეთ ჩვენ ეს საკანონმდებლო დონეზე და დღეს გარანტირებულია პენსიის ზრდა ყოველწლიურად, ეკონომიკურ ზრდასთან მიბმულია. სახელმწიფოს ფუნდამენტი არის ძლიერი მასწავლებელი, ძლიერი ექიმი, ძლიერი პოლიციელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ხალხს გვერდით დავუდგეთ, რადგან ეს არის სახელმწიფოს განსახიერება, ეს ის ხალხია, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანს ქვეყანაში ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები.

„ყოველთვის ადამიანი ხდება ჩვენი ყოველი ნაბიჯის, ყველანაირი პოლიტიკის ცენტრში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც ერთად, ერთობლივი შრომით ქვეყანას მოვიყვანთ წესრიგში, სისტემურ ინფრასტრუქტურას მოვიყვანთ წესრიგში, მას შემდგომ, რაც გვეყოლება ძლიერი მასწავლებელი, ძლიერი ექიმი და პოლიციელი, გვეყოლება ღირსეული სიბერის მქონე პენსიონერი, ვიზრუნებთ ბავშვებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ თანაბარი პირობები უნდა შევქმნათ თითოეული ადამიანისთვის და მივცეთ საშუალება, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველამ კარგად იცით, რომ სამტრედიაში დღეს ძალიან მწვავე პრობლემებია, მაგალითად როგორიც არის წყალმომარაგება. სამტრედიის წყალმომარაგების და წყალარინების სისტემა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ეს პროექტი უკვე დაწყებულია და მისახედია, უნდა გავაკეთოთ ისევე, როგორც სარწყავი წყლები. თქვენს შემთხვევაში, ზოგჯერ წყალი გასატანია, პირიქით, საირიგაციო სამუშაოები სხვანაირად არის გასაკეთებელი, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არც ერთი  გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. აქ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით იცის სად, რომელ სოფელში რა პრობლემაა. ამ პრობლემების გადაწყვეტა უკვე დაწყებულია და ჩვენ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად, უახლოეს პერიოდში ვიამაყოთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, რა თქმა უნდა, განათლებული და ევროპული სახელმწიფოთი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. დარწმუნებული ვარ, რომ გივი ჭიჭინაძე, ადამიანი, რომელიც ამ კუთხის შვილია,  უმუშავია გუბერნატორად, ზედმიწევნით ზუსტად იცის თითოეული სოფლის, თითოეული რეგიონის პრობლემა, იქნება ღირსეული ხმა სამტრედიელებისა, ქვეყნის პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, რაც მთავარია, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

დატოვე კომენტარი