გიორგი გახარია - ყველა სახის საუბარი გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია
გიორგი გახარია - ყველა სახის საუბარი გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

ყველა სახის საუბარი გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ჟურნალისტების კითხვაზე, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება და როგორ აპირებს ხელისუფლება ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას.

პრემიერის თქმით, ის არ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ჩიხშია.

„მე არ მიმაჩნია, რომ ვინმე საერთოდ და ხელისუფლება პოლიტიკურ ჩიხშია. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიცია. მე ასე პოზიციებს არ ვიცვლი, ერთხელ ვთქვი, რომ ყველა სახის საუბარი გიორგი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ერთი. მეორე – საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საარჩევნო სისტემასთან, არის ამ ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, პროპორციული არჩევნები ეს არის ხარისხობრივი ცვლილება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში.

„მართლა ვთვლი, რომ პროპორციული არჩევნები ეს არის ის ხარისხობრივი ცვლილება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მისცემს შესაძლებლობას პოლიტიკური კულტურის ისე განვითარებას, რომ არამხოლოდ პოლიტიკაში, ქვეყნის ცხოვრების სხვა სფეროებშიც უბრალოდ ელიტები შეიცვალონ. პროპორციული სისტემა მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტ ახალგაზრდას, გამოჩნდნენ პოლიტიკაში, რაც ჩემთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის ფასეულობების თემა. ვინ როგორ პოზიციას დააფიქსირებს ამ ფასეულობებთან დაკავშირებით, მათი გადასაწყვეტია. პირდაპირი ტესტი იქნება ეს, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ფუნდამენტურ საკითხზე. ეს ხომ არ არის რაღაც, ეს არის ხარისხობრივი ცვლილება. არ დაგავიწყდეთ, ეს არის ცვლილება, რომლისთვისაც ქართული პოლიტიკური ახალგაზრდობა 90-იანებიდან იბრძოდა. როგორც იქნა, ეს შესაძლებლობა არსებობს და რაღაც სპეკულირება, თან ისეთი ნაბიჯებით, რომელიც აზიანებს ქართული მართლმსაჯულების სისტემას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი