გიორგი გახარია - ყველა კომპანიას მივაკითხავთ, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ანაზღაურება არ გადაუხადეს, გადაივლის კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ  
გიორგი გახარია - ყველა კომპანიას მივაკითხავთ, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და ანაზღაურება არ გადაუხადეს, გადაივლის კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ  

სახელმწიფოს ვალდებულება არის პირველი – მიზნობრივად დაეხმაროს ადამიანს სოციალურად, რომელმაც სამსახური დაკარგა, კრიზისში დახმარების ძირითადი მიმართულება და არხები იქნება ეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ასევე როგორც კი მთავრობას ექნება პოსტკრიზისიდან გამოსვლის კონტურები, მაშინ დაიწყებს კომპანიების მიზნობრივად დახმარებას.

„სხვა ყველა შემთხვევაში, ეს ყველაფერი შეიძლება, აღმოჩნდეს გადაყრილი რესურსი. მინდა, ერთი რამ იცოდეთ და გაითვალისწინოთ ყველამ, სამწუხაროდ, საქართველოს აქვს საკმაოდ შეზღუდული რესურსი პირდაპირი დახმარების, როგორც მოქალაქის სოციალურად, ასევე კომპანიების მიზნობრივი დახმარების. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, სანამ არ გვეცოდინება ეს მასშტაბი დროის კუთხით სადამდე შეიძლება, კრიზისი გაგრძელდეს, ხარჯვის ნაწილში მაქსიმალურად ხელმომჭირნე, ეკონომიური ვიყოთ. ეს არის ძირითადი მიზანი და ძირითადი მიზეზი, რის გამოც ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სურათი დავინახოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ახლა ძირითადი ამოცანაა მიზნობრივად იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც სამსახური და შემოსავალი დაკარგეს, ასევე კომპანიებისთვის წახალისების პაკეტი, რომლებმაც არ გაუშვეს თანამშრომლები.

„იმ კომპანიებმა, რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს, გარდა იმისა, რომ შეენარჩუნებინათ, ვისაც ერთ თვე, ორი თვე, სამი თვე ანაზღაურება ეკუთვნოდათ და ეს ანაზღაურებაც არ გადაუხადეს, ყველას მივაკითხვათ, დარწმუნებული იყავით. დღეს კრიზისია და ამის დრო არც ჩვენ გვაქვს და არც ამ კომპანიებს აქვთ, მაგრამ ყველას თავისი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ახსოვდეს. კომპანიებს გარდა იმისა, რომ ვალდებულება აქვთ, სახელმწიფოს დახმარება და ფული სთხოვონ, იგივე ვალდებულება აქვთ დასაქმებული ადამიანების მიმართ. ადამიანს კრიზისი გამო რომ სამსახურიდან უშვებ, კომპანიას აქვს პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება, რამდენიმე თვის განმავლობაში მას შესაბამისი გადასახადი გადაუხადოს და ეს ყველას კარგად ახსოვდეს, რადგან გადაივლის ეს კრიზისი და მერე ყველას მივხედავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ახლა ყველა ერთმანეთს უნდა დაეხმაროს, მაგრამ პასუხისმგებლობაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველას კარგად გვესმის, ახლა არის ის მომენტი, როდესაც ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს. არ არის აქ სახელმწიფო ერთადერთი, რომელიც ვალდებულია, სოციალური პასუხისმგებლობა იკისროს როგორც მოქალაქეზე, ასევე იმ კომპანიაზე, რომელმაც ეს მოქალაქე სამსახურიდან გაუშვა, ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.