გიორგი გახარია - ყველა დახმარება შეეხება დაახლოებით 200 ათას ფერმერს და მისი სრული ბიუჯეტი 300 მლნ ლარია
გიორგი გახარია - ყველა დახმარება შეეხება დაახლოებით 200 ათას ფერმერს და მისი სრული ბიუჯეტი 300 მლნ ლარია

სახელმწიფოს დახმარება დაახლოებით 200 ათას ფერმერს შეეხება, დახმარების სრული ბიუჯეტი კი, 300 მლნ ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერმა ფერმერების მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრა. აღნიშნულ პროგრამებს შორის არის: სახელმწიფოსგან 200-ლარიანი დახმარება ფერერმებისთვის ერთ ჰექტარ დარეგისტრირებულ მიწაზე; ყველა ფერმერისთვის ერთ ჰექტარზე 150 ლიტრი დიზელის საწვავი, რომელიც საბაზრო ფასზე გარანტირებულად ერთი ლარით იაფი იქნება.

„ამასთან ერთად, ყველა ფერმერი დღეს საქართველოში, რომელთა რაოდენობა არის 42 ათასი, სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში. ასევე, თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო, ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით. ეს იქნება გრანტი. ეს ყველაფერი მოქმედებას დაიწყებს და ფერმერებს შეეძლებათ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ჩამონათვალი არის მხოლოდ მცირე ნაწილი კონკრეტული დახმარებების, რომელიც სახელმწიფომ ფერმერებისთვის გამოყო. გეგმა ბევრ სხვა სახის დახმარებასაც მოიცავს.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს დახმარება შეეხება ქვეყანაში დაახლოებით 200 ათას ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მლნ ლარი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.