გიორგი გახარია - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვისაც ავიწყდება, გავახსენოთ, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ფაშიზმზე დიდ გამარჯვებაში [ვიდეო]

75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ პატარა ერმა 300 ათასი გმირი შესწირა ამ დიდ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში განაცხადა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. 75 წელი გავიდა იქიდან, როდესაც ამ პატარა ერმა 300 ათასი გმირი შესწირა ამ დიდ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, მაგრამ ჩვენ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, რომ საქართველომ ამხელა მსხვერპლი გაიღო.

პატარა საქართველოსთვის 300 ათასი ახალგაზრდა ვაჟკაცის ბევრია, მაგრამ გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც დიდი ტრაგედიაა და მაინც დიდი წვლილია.

ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს კიდევ უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა ღვაწლი, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით ამ დიდ გამარჯვებაში.

ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულება უნდა იყოს“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებითაც, რომ შეზღუდვების მიუხედავად დღეს მაინც იგეგმება შეკრება.

„ყველა ადამიანს, რომელიც ამბობს, თან გამომწვევად, რომ არ დაემორჩილებიან კანონს, პოლიცია გასცემს შესაბამისი კანონის ფარგლებში პასუხს. არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პოლიციას, რომ შესწევს ძალა, კანონის დარღვევას უპასუხოს ლეგიტიმურად და ისე, რომ თან გამოავლინოს საკმაოდ დიდი ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა გახარიამ.