გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაითს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ეკონომიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყატარს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, თუმცა ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რაც სამომავლოდ უნდა იქნას გამოყენებული.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების განვითარების, ასევე ხალხთაშორის კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

„როგორც ყატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა აღნიშნა, ყატარის მხარე დაინტერესებულია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით და ისინი საქართველოს ხელისუფლებაში ხედავენ მყარ და მტკიცე პარტნიორს, რომელთან ერთადაც სამომავლოდ კონკრეტული პროექტების განხორციელებას განიხილავენ“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.