გიორგი გახარია - წლევანდელი არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მერწმუნეთ, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები და ეკონომიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება
გიორგი გახარია - წლევანდელი არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მერწმუნეთ, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები და ეკონომიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება

წლევანდელი არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები და ეკონომიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, არჩევნების შემდეგაც წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება თუ არა.

პრემიერის თქმით, როდესაც მთავრობა ვირუსთან ბრძოლის პროცესში გარკვეულ გადაწყვეტილებებს იღებს, ამოსავალი წერტილი ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკაა.

„ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში წლევანდელი არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის მომდევნო ორი-სამი წლის პერიოდში სამუშაო ადგილები და ეკონომიკა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით, არჩევნების შემდგომ. ამიტომ როდესაც ვირუსთან ბრძოლაში გადაწყვეტილებას ან ტაქტიკას ვცვლით, ჩვენთვის ძირითადი ამოსავალი წერტილი და კრიტერიუმი სწორედ ორი განზომილებაა – ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას განცხადებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების პირველი ტალღის დროს ქვეყნის ჩაკეტვამ განაპირობა, რომ ახლა ეკონომიკის მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში.

„მაშინაც, პირველი ტალღის დროსაც, მძიმე ჩაკეტვები სწორედ ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე იყო. ყველას ხომ კარგად გვახსოვს, მაშინაც რამდენი საუბრები იყო და შეხედეთ ახლა საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლებს. ბევრად უკეთეს ფორმაშია, ვიდრე რეგიონში სხვა ქვეყნები. ეს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მაშინ ქვეყნის მძიმე ჩაკეტვით შევძელით, ვირუსის სწრაფი გავრცელება და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი თავიდან აგვერიდებინა. ის ელემენტარული მზაობა იყო საჭირო, რომელიც დაგვჭირდა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.