გიორგი გახარია - წლების განმავლობაში, გამოძიების დასუსტებამ გამომძიებლის დასუსტებაც გამოიწვია
გიორგი გახარია - წლების განმავლობაში, გამოძიების დასუსტებამ გამომძიებლის დასუსტებაც გამოიწვია

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მიმართულებით 15-20 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. მინისტრის განცხადებით, შსს-ს რეფორმირების ძირითადი არსი ეფექტიანობის ზრდა იქნება.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და საერთოდ, მართლმსაჯულების სისტემისთვის საგამოძიებო კომპონენტის ხარისხისა და ეფექტიანობის ზრდა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ რეფორმების ძირითადი არსი იქნება ეფექტიანობის ზრდა და ვთქვით, რომ კრიმინალური პოლიცია საქართველოში უნდა დაიყოს, რამეთუ გაჩნდეს სპეციალიზაცია, პრევენციის მიმართულება, რასაც საუბნო საქმიანობა ქვია. ამიტომ, შევქმენით მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი და საგამოძიებო ნაწილი. საგამოძიებო ნაწილი არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რეფორმების ნაწილში შსს-ს ნაწილში არის ცენტრალური კომპონენტი, მიზანი გახლავთ ეფექტიანი და ხარისხიანი გამოძიება, ჩვენ ახლა ბევრი კრიტიკა გვესმის, როგორც შსს-ს, ასევე საგამოძიებო კომპონენტის. მეც ვმდჯარვარ კომისიის წინ და მიმიცია ახსნა-განმარტებები სწორედ ამ ნაწილზე და ეს ის რეფორმა არ არის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ გუშინ ან გუშინწინ. დღეს ჩვენ წარვადგინეთ ამ რეფორმის პირველი შედეგები, რომელიც ეხება შსს-ს შიდა მოწყობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საგამოძიებო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე გაიხსნა დისკუსია გარე კომპონენტზე, საკანონმდებლო ჩარჩოზე, უფლებამოსილებების და პასუხისმგებლობის განაწილებაზე, რომელიც ეხება პროკურორის ზედამხედველობის ფუნქციას და გამოძიების წაყვანის ფუნქციას.

„სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში, გამოძიების დასუსტებამ გამოიწვია გამომძიებლის დასუსტებაც, მისი ფუნქცია, როგორც ასეთი, არ იყო გამოკვეთილი და პასუხისმგებლობა უფლებამოსილება არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ შიდა სტრუქტურული ცვლილებები წარვუდგინეთ საზოგადოებას და ვთქვით, რომ ეს უკვე გავაკეთეთ.

რაც შეეხება საკანონმდებლო თანხვედრას, ამაზე დავიწყეთ საუბარი. 1200 გამომძიებელს ჩავუტარეთ ტესტირება მათი კვალიფიკაციის დასადგენად. შედეგად, შევქმენით მათი გადამზადებისთვის საჭირო კურსები, გავაკეთეთ შსს-ში მიღების წესი, გავაკეთეთ კარიერული ზრდის წესი. გამომძიებელი ვერ გახდება ადამიანი იურიდიული განათლების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, განაპირობა თუ არა ამ რეფორმის დაწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ.

„რეფორმის განხორციელება დაიწყო ექვსი თვის წინ. კრიმინალური პოლიციის რეფორმა იყო პირველი ნაბიჯი, საპატრულო პოლიციის რეფორმა და სასაზღვრო პოლიციის რეფორმა. მაშინ ვთქვით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა სტრუქტურული რეფორმები და საკანონმდებლო რეფორმები. ყველა ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგმული გვაქვს, რომ ნახოთ, რამდენი ახალი კანონპროექტია ჩვენი მხრიდან ინიცირებული – „ქურდული სამყარო“, ინფორმაციის დამალვა დაფარვა და ასე შემდეგ, მანდატურების სამსახური და კიდევ ბევრი მიმართულება. მანდატურების სამსახური ხომ პირდაპირ იყო ხორავას კრიზისთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, კავშირზე, რომელსაც თქვენ მიუთითებთ, უარს ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა, ასეთი კავშირი არსებობს და ამ კავშირმა შეიძლება ცოტა დაგვაჩქარა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.