გიორგი გახარია - წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა ექვსი თვე, ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, პასუხი კენჭისყრას დაამთხვიოს
წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა ექვსი თვე, ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, პასუხი კენჭისყრას დაამთხვიოს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძის ადვოკატის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით.
„ამ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა ექვსი თვე. მამუკა ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს. მადლობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ მუქარის წერილზე, რომელიც, ბრალდებულების მტკიცებით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღეს, ლონდონში ექსპერტიზა გრძელდება. ამავე თემაზე ისაუბრა უცხოელმა იურისტმაც, რომელიც ბრალდებულებს იცავს. „ვაპირებთ ამ საქმის მსვლელობისას გამოვიყენოთ წერილი, რომელიც ლონდონშია ექსპერტიზაზე. ეს არის არსებითი ხასიათის მტკიცებულება. ეს წერილი შეიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას, მუქარებსა და დაშინებას, იმას, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა სტივენ ქეიმ.