გიორგი გახარია - ვმოქმედებთ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს
გიორგი გახარია - ვმოქმედებთ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს

საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ურთულესი, უმწვავესი პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, მოაგვაროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთისა საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში საქართველოს საერთაშორისო მეგობრებთან.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ – ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ჩვენი სათქმელი ყოველთვის იქნება ჩვენი სათქმელი და ის, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს. მაგალითად პოზიტიური ცვლილება შეიძლება იყოს ფრენები აღდგენა, რასაც მე მივესალმები“, – განაცხადა გიორგი გახარაიამ.