გიორგი გახარია - ვიღაცები ცდილობენ, ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახდეს, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ
გიორგი გახარია - ვიღაცები ცდილობენ, ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახდეს, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ

ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებისა და სენატორ ჯიმ რიშის ინიციატივის ჩავარდნის შესახებ, ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას განუცხადა.

საუბარია, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ინიცირების საკითხზე. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში საუბარი იყო საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე.

„აქ ისეთ სფეროებზეა საუბარი – თავდაცვა, უსაფრთხოება, დემოკრატიზაცია, განათლება, ყველაფერი მოიცავს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ცალკეულ ჩვენს მეგობარს, აშშ-ს, ეს იქნება კონგრესმენი თუ სენატორი შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდეს და მათ აქვთ, როგორც საქართველოს მეგობრებს ამ კითხვის დასმის უფლება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ამაზე პასუხის გაცემის უფლება. დროთა განმავლობაში ეს კითხვები ნელ-ნელა იხსნება. ცუდია ის, რომ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახადონ, რასაც ვერ მიაღწევენ, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველო-ამერიკას შორის ყველა სახის პოლიტიკურ ან პარტიულ ინტერესზე უფრო მაღლა დგას. დარწმნუნებული ვარ, ასეთი პროცესები გაგრძელდება, მაგრამ ასეთ მცდელობებს შესაბამისი პასუხი ექნება, როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მოხარულია, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება.

„ეს ჩვენს ინტერესშია. რა კითხვის ნიშნებიც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, რადგან საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი დაემუქრება მარტივი მიზეზის გამო, რადგან ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი კარგად შეიგრძნო და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს პარტნიორების მხრიდან , ჩვენ მოხარულები ვართ“, – განაცხადა პრემიერმა.