გიორგი გახარია - ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ
გიორგი გახარია - ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ

ვერც ერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ისრაელიდან ტურისტების მიღებაზე მიღწეული შეთანხმება, აღნიშნულ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო არ გაფორმდა.

„მარტივ მაგალითს მოგიყვებით, ამას წინათ ვთქვი, რასაც ჭორები გამოაბეს. ბოლომდე გვაქვს მიყვანილი, შეთანხმება ისრაელიდან ტურისტების შემოყვანაზე, მწვანე კორიდორი, პირველი ვისთანაც დავალაგეთ, ეს იყო ისრაელი. პირადად ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და ყველაფერი მზად იყო, შეთანხმებული ვიყავით, რომ პირველი რეისები უნდა გაგვეშვა, ჩვენ დავთქვით თარიღი, 1-ელი ივლისი საერთაშორისო ტურისტების მისაღებად, ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი კვირის წინ, ისეთი დაიწყო იქ, უბრალოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გადაყავთ კარანტინში და რამოდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტურიზმიდან შემოსული, იმპორტირება შემდგომ ქვეყანას შესაძლოა, იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ აქ ფრთხილი, გონივრული ნაბიჯებია საჭირო. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ასე ფრთხილად, გონივრულად, ყველამ ერთად გავიაროთ სამშვიდობოს ეს ყველაფერი. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დღეს საქართველო როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და უსაფრთხოდ, მოქალაქეზე, ადამიანზე ზრუნვით ვუძლებთ ამ ყველაფერს, ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა გამოვეკიდოთ მაღალი რისკის შემცველ იდეებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.