გიორგი გახარია - ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიამ დაადგინა და ის იყო ახლად გამოვლენილი ფაქტი 
გიორგი გახარია - ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიამ დაადგინა და ის იყო ახლად გამოვლენილი ფაქტი 

ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიქტური აზრით, არ იყო ჩატარებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან, საგამოძიებო კომისიის, ასევე პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების საკითხთან დაკავშირებით კითხვა შს მინისტრს რიგგარეშე პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა დაუსვეს.

გახარიას თქმით, ხორავას ქუჩის მკვლელობის თემა უმძიმესი თემაა, არამხოლოდ პირადად მისთვის ან შს სამინისტროსთვის, საერთოდ ქვეყნისთვის.

„არავის ეგონოს, რომ ვინმე ამ თემასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ოღონდ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობის ზღვარი თუ დავადგინეთ და დავიწყეთ ამ პასუხისმგებლობის პერსონალიზება, შეიძლება, საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისი განმარტებით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას კონკრეტული მანდატი ჰქონდა, დაედგინა, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გადაცდომები საქმის გამოძიებისას.

„კომისიას პირდაპირი კონკრეტული მანდატი ჰქონდა, ემუშავა იმაზე, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გარკვეული გადაცდომები ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც ობიექტურად რომ ვთქვათ, კომისიამ ვერ დაადგინა. გარდა ამისა, სამწუხაროდ, აბსოლუტურად გაუმართლებლად კომისიამ დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც დაადგინა კომისიამ და იქნება ახლად გამოვლენილი ფაქტი, რომელიც არ იყო ერთი ან მეორე გამოძიების ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრი მიიჩნევს, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო არ ჩატარდა.

„შეიძლება, ბევრი ვიდაოთ, თუმცა, კომისიის რეკომენდაციები რომ წაიკითხოთ კოლეგებო, იქ თვითონ მიხვდებით რა ახალგამოვლენილი ფაქტორები აღმოაჩინეთ, არ მინდა ამაზე დავა და არ მივდივარ დეტალებში. თუ გექნებათ კონკრეტული კითხვები, გიპასუხებთ.

საკითხი არის ძალიან მარტივად, დიახ ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიქტური აზრით, არ იყო ჩატარებული.

თქვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში ვერ შეძელით, რაც იყო თქვენი მიზანი და არა სისხლის სამართლის დევნის დაწყების განსაზღვრა, დაგედასტურებინათ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა, იყო გაზრახულად არ ჩატარებული და ამან იქონია საბოლოო შედეგზე რამე გავლენა თუ ვერა“, – განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით, სწორედ ეს იყო საგამოძიებო კომისიის მანდატი.