გიორგი გახარია - ვეცდებით, ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოვიტანოთ, როდესაც საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა არ იყოს პოლიტიკური სპეკულირების თემა და პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან
გიორგი გახარია - ვეცდებით, ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოვიტანოთ, როდესაც საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა არ იყოს პოლიტიკური სპეკულირების თემა და პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა შეეცდება, საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან.

როგორც გახარიამ პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ფრაქციების სხდომაზე განაცხადა, ეს იქნება საკმაოდ სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი, პრინციპების დონეზე გარკვეული წესების დანერგვა სახელმწიფო-სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში პენსიონერების წინაშე.

„არსებობს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, პენსიონერები, რომლებზეც სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, მათ განსაკუთრებით მივაქციოთ ყურადღება და გავზარდოთ პენსიები. თუმცა, ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის მაინც ფუნდამენტური სისტემური ცვლილება, მათი საპენსიო უზრუნველყოფის გარკვეული წესების შექმნა საკანონმდებლო დონეზე. ვეცდებით, აქაც გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. თუმცა, გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები და ერთმნიშვნელოვნად იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ ჩვენი პოზიციის გაცვლას სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, ვეცდებით ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოვიტანოთ, როდესაც საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა არ იყოს პოლიტიკური სპეკულირების თემა და პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან. ეს იქნება საკმაოდ სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი, ყოველ შემთხვევაში ეს იქნება პრინციპების დონეზე გარკვეული წესების დანერგვა სახელმწიფო-სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში პენსიონერების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობა ამ თემით პარლამენტს ბიუჯეტის დამტკიცების ფარგლებში დაუბრუნდება.