გიორგი გახარია - ვაწესებთ ისეთ რეგულაციებს, როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება, მარიხუანას მოხმარება მაგალითად, რა პირობებში არის დასჯადი
გიორგი გახარია - ვაწესებთ ისეთ რეგულაციებს, როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება, მარიხუანას მოხმარება მაგალითად, რა პირობებში არის დასჯადი

ვაწესებთ ისეთ რეგულაციებს, როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება, მარიხუანას მოხმარება მაგალითად, რა პირობებში არის დასჯადი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარიხუანასთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

„აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით – ნომერი პირველი ამოცანა გახლდათ იმ ქაოსისა და განუკითხაობის შეცვლა, რომელიც მარიხუანას მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა. მოგეხსენებათ, რომ ლიბერალური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ჩვენ განვითარება მოგვცა იმ შედეგმა და გააჩინა გარკვეული მოლოდინები, რომ ფაქტობრივად შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ ახორციელებდა თავის ფუნქციას. რომ შეხედოთ ბოლო თვეების განმავლობაში, ნარკოდანაშაულისა და ნარკომოხმარებისთვის საერთოდ არავინ არის დაკავებული. ამას ახლა ვცვლით. ჩვენ ვაწესებთ ისეთ რეგულაციებს, როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება მარიხუანას მოხმარება მაგალითად, რა პირობებში არის დასჯადი. გარწმუნებთ, ჩვენ ამას აღვასრულებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მარიხუანას კულტივაციის მიმართულებით მკაცრი და ეფექტიანი რეგულაციებია საჭირო.

„ერთი მხრივ, გვაქვს ის რეალობა, რომელსაც გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი გადაწყვეტილებით. მეორე მხრივ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ. შემიძლია, ჩამოგითვალოთ მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია უკვე არის ლეგალური. ასეთია დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი და კიდევ ბევრი. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც მოახდინა მარიხუანას მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია არამხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული, მაგალითად, კანადა, რომლის ძირითადი მიზანიც იყო ეკონომიკური ფაქტორები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს სამეზობლოში და განსაკუთრებით, ევროპაშია, საქართველოზე გარკვეული გავლენა აქვს.

„როდესაც ვამბობთ, რომ შსს-ს გააჩნია და შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არამხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც, როდესაც, მეორე მხრივ, გვაქვს ძალზე სერიოზული პრობლემები მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაში, რომლის გადაჭრაშიც ერთ-ერთი პრობლემა არის ეკონომიკური ხასიათის პრობლემები და ის სერიოზული მისიები, რომლებიც ამ მიმართულებით არის გასაკეთებელი. მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავარეგულიროთ მკაცრად და მკაცრი რეგულირების ფარგლებში, სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ საშუალებას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.