გიორგი გახარია - უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა იანვარში, როცა ჯანდაცვის მინისტრმა პირველად შემოჰკრა განგაშის ზარი
გიორგი გახარია - უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა იანვარში, როცა ჯანდაცვის მინისტრმა პირველად შემოჰკრა განგაშის ზარი

უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა იანვარში, როცა ჯანდაცვის მინისტრმა პირველად შემოჰკრა განგაშის ზარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ნაბიჯები იყო დროული, თუმცა მისივე თქმით, ეს ნაბიჯები შეიძლება ყოფილიყო კიდევ უფრო ეფექტური.

„ხანდახან ისმის კითხვა, როგორ ვახერხებთ ჩვენ დღეს ამას, ამ ეტაპზე, ამ გარემოცვაში, ჩვენს რეგიონში? მარტივად. პასუხი ძალიან თვალსაჩინოა, ვინც დროსა და დინამიკაში შეხედავს ამ ყველაფერს.

უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა ჯერ კიდევ იანვარში, მაშინ როცა ჯანდაცვის მინისტრმა პირველად შემოჰკრა განგაშის ზარი და თქვა, რომ ჩინეთში მიმდინარე პროცესები, რომელსაც მაშინ არ ერქვა Covid-19, არამედ გაზრდილი პნევმონიების ოდენობა, იყო საყურადღებო და, სწორედ, ეს იყო ძირითადი „ტრიგერი“, რის გამოც ჩვენ შევქმენით საბჭო. მისი შექმნიდან, დაახლოებით, ერთ თვეში ჩვენ გვქონდა ინფიცირების პირველი შემთხვევა და ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენი მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი არის ზუსტად ეს – სწრაფი, დროული ნაბიჯები, თუმცა, გარკვეულწილად შესაძლოა ეს ნაბიჯები ყოფილიყო უფრო ეფექტურიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.