გიორგი გახარია უსაფრთხოების საბჭოზე - ეს არის საკონსულტაციო ორგანო, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილების მიღების პროცესში
გიორგი გახარია უსაფრთხოების საბჭოზე - ეს არის საკონსულტაციო ორგანო, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილების მიღების პროცესში

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა „იმედი Live- ში“ დასმულ კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს შესახებ ისაუბრა.

კითხვაზე, ხომ არ არის ეს ახალი პოზიცია გუნდის მხრიდან დაფასების შედეგი, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს გუნდს უნდა ჰკითხონ.

„არ ვიცი, ალბათ. რას მიფასებს გუნდი, ეს გუნდს უნდა ჰკითხოთ. სიმართლე გითხრათ, დროც არ გვაქვს ამ ლირიკულ ჟანრში გადასასვლელად. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის საკონსულტაციო ორგანო პრემიერ-მინისტრთან, ორგანო რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ანალიტიკური სამსახურით პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის ამ უწყების, ახალი უწყების ძირითადი მიზანი და ამოცანა. შესაბამისად, აქ რაღაც დამატებით ძალაუფლებაზე საუბარი არ არის კორექტული. მას უფრო ანალიტიკური ერთგვარი Think tank ფუნქცია აქვს.

ჩვენ უსაფრთხოების საბჭოების რაღაც გამოცდილება გვაქვს, თუმცა დღეს ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთმა ფორმამ არ გაამართლა და რატომ – რა არის უსაფრთხოების საბჭო, უსაფრთხოების საბჭო არის ორგანო, სადაც უნდა იყოს დაგროვილი ანალიტიკური ცოდნა, ანალიტიკური მეხსიერება ინსტიტუციონალური მეხსიერება. ამის გაკეთების ერთადერთი საშუალება არსებობს მხოლოდ და მხოლოდ, თუ ეს აპარატი არის სრულად აპოლიტიკური. არ შეიძლება პოლიტიკურ ცვლილებებს მოსდევდეს უსაფრთხოების საბჭოს კარდინალური სისტემური ცვლილებები.

ამიტომ, როგორც ნორმალური დემოკრატიის პირობებში, მთავრობები უნდა იცვლებოდნენ, მაგრამ ანალიტიკური ბაზა, ანალიტიკური ინსტიტუციონალური მეხსიერება უნდა იყოს შენარჩუნებული, იმის და მიუხედავად, ვინ არის დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში მართველი პარტია. ეს ის მიმართულებაა, სადაც არც ერთ შემთხვევაში პარტიულ, ასე ვთქვათ ინსინუაციების ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ვიგულისხმეთ, როდესაც ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად აპოლიტიკური აპარატი და ეს უნდა იყოს მცირე, მოქნილი ინსტრუმენტი პრემიერ-მინისტრის ხელში, რომელსაც ექნება საშუალება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების განზომილებას ეხება. და ასეთი განზომილება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც 20 პროცენტი გვაქვს ოკუპირებული, როდესაც ამ ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია იზრდება, როდესაც ბორდერიზაციის პროცესი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრების კომპონენტი გახდა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ეკონომიკური განზომილებაც. ეს ის მომენტებია, როდესაც უსაფრთხოების კომპონენტში საკმაოდ გამომწვევ რეგიონში ვცხოვრობთ, გვიწევს ოპერირება და თუნდაც ის ფაქტორი, რაც დღეს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ხდება, ძალზედ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.