გიორგი გახარია - უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს, როგორც „კოვიდის“ რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია
გიორგი გახარია - უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს, როგორც „კოვიდის“ რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ და რისკის ქვეშ საერთოდ საქართველოს, როგორც კორონავირუსთან ეფექტურად მებრძოლი და „კოვიდის“ რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ტურიზმის წილი რეგიონის და ეკონომიკის განვითარებაში არის ძალიან დიდი.

„პირველად ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ ვიყავით აჭარაში, ბათუმში, იქაც მოგეხსენებათ, ტურიზმის წილი რეგიონისა და ეკონომიკის განვითარებაში არის ძალიან დიდი. ზუსტად იგივეა დღეს კახეთში. ალბათ ლოგიკურია, რომ ტურიზმის განვითარებას, ჩვენ, პირველ რიგში, ვიწყებთ რეგიონებიდან და არა თბილისიდან, რადგან იქ რისკები ცოტა სხვა არის, ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა უფრო რთული, კახეთში კი, ცოტა უფრო მარტივია. რეგიონში საერთოდ ბევრად უფრო მარტივია. ეს არის რისთვისაც ჩამოვედით, ოღონდ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული. ერთბაშად არანაირი, სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ და რისკის ქვეშ საერთოდ საქართველოს, როგორც „კოვიდთან“ ეფექტურად მებრძოლი და „კოვიდის“ რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის გარეშე არანაირი ტურიზმი ვერ იქნება და ვერანაირი სტუმარი ვერ ჩამოვა. პირველ რიგში, უნდა ვიყოთ „კოვიდისგან“ სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია, ყველაფერზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.