გიორგი გახარია - უნდა შევძლოთ, სულ მცირე, პროგნოზირებადი და რბილი იყოს ლარის კურსის მერყეობა, ეს შესაძლებელია
გიორგი გახარია - უნდა შევძლოთ, სულ მცირე, პროგნოზირებადი და რბილი იყოს ლარის კურსის მერყეობა, ეს შესაძლებელია

ჩვენ ვართ პატარა და აბსოლუტურად ღია ეკონომიკა, უნდა ვიცოდეთ, რომ ლარის კურსის მერყეობა ეს არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია არა მარტო ქართულ ეკონომიკასთან, არამედ იმასთან, რაც ხდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთანაც, – ამის შესახებ ლარის კურსზე საუბრისას „ქართული ოცნების“ ფრაქციების სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლარის კურსი ასე უნდა მერყეობდეს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ლარის გაუფასურებას აქვს რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი ეფექტი, როგორც ჩვენს მოსახლეობაზე, ასევე ეკონომიკაზე. ეს არის ფიზიკური პირები და კომპანიები, რომლებსაც აქვთ სესხი უცხოურ ვალუტაში. ლარის გაუფასურების პირობებში, ეს ადამიანები პირდაპირი შოკის და სოციალური რისკის ქვეშ დგებიან, რაც პირდაპირი მოტივია ჩვენთვის, ეფექტურად გავაგრძელოთ ლარიზაციის პროცესი“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, ლარის გაუფასურება გავლენას ახდენს ფასებზე და ეს მეტ სოციალურ რისკს ქმნის.

„ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა ეს არის ის ძირითადი ამოცანა, რომელზეც უნდა იყოს კონცენტრირებული, როგორც მთვარობის, ასევე ეროვნული ბანკისა და მათი პარტნიორობის ძირითადი მიზანი. ჩვენ ეროვნულ ბანკთან მაქსიმალური კოორდინირებით და მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ, როგორც ეკონომიკური, ასევე ფინანსური სტაბილურობა და ეს შესაძლებელია. ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ბიზნესგარემოს სტაბილურობა და კიდევ ბევრი რამ“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

შესაბამისად, მისი შეფასებით, კოორდინირებული მუშაობა არის ძირითადი პრინციპი, როდესაც როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე მთავრობამ თავისი ფუნქციები უნდა შეასრულონ.

„უნდა შევძლოთ, როგორც მინიმუმ, პროგნოზირებადი და რბილი გავხადოთ ლარის კურსის მერყეობა და ამისთვის, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შესაძლებელია. თუმცა, ხაზგასმით უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ პატარა და ღია ეკონომიკა და ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შევქმნათ მითები. ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს მითები, მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს ლარის კურსის მოულოდნელი გამყარების ან რაღაც. ეს ხდებოდა მხოლოდ საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე“, – განმარტა გიორგი გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის საგარეო ვალი გაიზარდა ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ 7-8 პროცენტით, 2012 წელს კი, საგარეო ვალი გაზრდილი იყო ერთ მილიარდზე მეტით.

„ეს უბრალოდ არჩევანია, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ჯანსაღი, შეგვწევს და უნდა გვქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ დავიცვათ სერიოზული რყევებისგან. უნდა გვქონდეს ყველანაირი ინსტრუმენტი და ვიყოთ ეფექტურები ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობით. ჩვენი ბიზნესგარემო უნდა იყოს პროგნოზირებადი, რომ ბიზნესმა შეძლოს, როგორც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე ბიზნესი უნდა იყოს უფრო ძლიერი. ძლიერი ბიზნესი არის ეკონომიკის, ძლიერი და პროგნოზირებადი ეკონომიკის საფუძველი, ისევე, როგორც სამუშაო ადგილების ზრდის საფუძველი“, – განაცხადა ფრაქციის სხდომაზე გიორგი გახარიამ.