გიორგი გახარია - უნდა იყოს მიტინგებიც, პარლამენტში დებატებიც და არჩევნებიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა, მართოს ეს ეპიდემია ისე, რომ ადამიანებს შეზღუდვები არ ჰქონდეთ
გიორგი გახარია - უნდა იყოს მიტინგებიც, პარლამენტში დებატებიც და არჩევნებიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა, მართოს ეს ეპიდემია ისე, რომ ადამიანებს შეზღუდვები არ ჰქონდეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ელჩებთან შეხვედრაზე ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, მოქალაქეები არსებულ ვითარებასთან უნდა ადაპტირდნენ.

„თქვენ იცით, რომ საქართველოს არ აქვს დაგროვილი ის ეკონომიკური რესურსი, რომლითაც შეძლებს, სოციალური დახმარების სახით თვეები და წლები მოემსახუროს თავის მოქალაქეებს. ამიტომ ჩემთვის ეკონომიკის გახსნა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის დღეს ჩვენი ძირითადი მიზანი, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას. ადაპტაცია, რაც ჩვენთვის ნიშნავს – ვირუსი იქნება, უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ, ადამიანებმა ჩვეულებრივად უნდა იშრომონ, მიიღონ ხელფასი, უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, უნდა იყოს მიტინგებიც, პარლამენტში დებატებიც და უნდა იყოს არჩევნებიც. მთავრობის პასუხისმგებლობაა, მართოს ეს ეპიდემია ისე, რომ ადამიანებს მათი სოციალური და სხვა სფეროების არანაირი შეზღუდვები არ ჰქონდეთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმ კვლევას, რომელზეც ჩვენ ჩვენს რამდენიმე კოლეგასთან უკვე გვქონდა საუბარი, ბატონ ევროკავშირის ელჩთან ვისაუბრეთ და ამაზე საუბარს გავაგრძელებთ ყველასთან, რადგან ვთვლით, რომ ჩვენ თუ აქამდე, ისიც სხვებთან შედარებით, შევძელით ჩვენი მოქალაქეები დაგვეცვა, შემდგომ ეს ყველაფერი უკვე უნდა ვიკვლიოთ ცოტა უფრო ღრმად, უნდა ვნახოთ სწორი მოზეზ-შედეგობრივი კავშირები ნაბიჯებთან, რომლებიც იყო გადადგმული. სწორად უნდა გავნსაზღვროთ, რას ვაკეთებთ წლის ბოლომდე და, რა თქმა უნდა, ეს სისტემატიზირებული ცოდნა უნდა დავუტოვოთ ჩვენს ინსტიტუტებს, რამეთუ ინსტიტუციონალური სიძლიერე ქვეყანაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომა.

ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ ვცდილობდი, დეტალურად ამეხსნა ის, რას ვფიქრობთ, როგორ ვუყურებთ, როგორ ვაფასებთ, საით ვიყურებით და საით მოვდივართ. ეს წარმოგვიდგენია ჩვენი დღევანდელი საუბრის ძირითად თემად, თუმცა როგორც კი გადავინაცვლებთ გვერდით შენობაში, იქ უკვე თემების შეზღუდვაც აღარ გვექნება“,- აღნიშნა გორგი გახარიამ.