გიორგი გახარია - უნდა გავუმარტივოთ ხალხს, რომ შეეძლოთ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ ყველა მომსახურება, რომლითაც წამოიწყებენ ბიზნესს
გიორგი გახარია - უნდა გავუმარტივოთ ხალხს, რომ შეეძლოთ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ ყველა მომსახურება, რომლითაც წამოიწყებენ ბიზნესს

უნდა გავუმარტივოთ ხალხს, რომ შეეძლოთ ერთ სივრცეში, ერთი ტელეფონის ნომრის საშუალებით, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ ყველა ის მომსახურება, ყველა ის პროგრამა, რომლითაც მათ შეუძლიათ, გახდნენ მეწარმეები და წამოიწყონ ბიზნესი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას.

„ჩვენ ბევრი გვისაუბრია განსაკუთრებით იმ პროგრამებზე, მეწარმეობის დახმარების პროგრამებზე, რომელიც არის ეკონომიკის სამინისტროშიც და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა შევქმნათ მოქალაქეებისთვის მარტივი, მოსახერხებელი ინსტრუმენტები, გარკვეული ერთიანი მომსახურების ცენტრის ფარგლებში, სადაც თითოეული მოქალაქე, რეგიონიდან მათ შორის, ქალაქებიდან, ყველა სახის დახმარებას, პროგრამულ დახმარებას მიიღებს ერთ სივრცეში, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამების, „აწარმოე საქართველოში“, ასევე ფონდის და ასე შემდეგ. უნდა გავუმარტივოთ ხალხს, რიგით მოქალაქეებს, რომ მათ შეეძლოთ ერთად, ერთ სივრცეში, ერთი ტელეფონის ნომრის საშუალებით, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღონ ყველა ის მომსახურება, ყველა ის პროგრამა, რომლითაც მათ შეუძლიათ გახდნენ მეწარმეები და წამოიწყონ ბიზნესი.

ვფიქრობ, აქ სამუშაო გვექნება როგორც პროგრამების თანხვედრის და ეფექტურობის ზრდის ნაწილში, ასევე ფიზიკურად მომსახურების ნაწილში. ესეც 2020 წლის სამოქმედო პროგრამებში უნდა გავითვალისწინოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.